დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა, ბუნებრივია, დიდთოვლობით გამოწვეულ უშუქობის პრობლემაზე ისაუბრეს. განსაკუთრებით მწვავე იყო ცხემლისხიდის დეპუტატის ლალი სიჭინავას გამოსვლა, რომელმაც ღიად გააკრიტიკა "ენერგო-პრო ჯორჯიას" ოზურგეთის ფილიალის წარმომადგენლები.
"მე მადლობელი ვარ იმ ბრიგადის, რომელიც შეუსვენებლად მუშაობდა ასეთ საშინელ ამინდში, თუმცა არ შემიძლია, არ ვთქვა საყვედური "ენერგოპ-რო ჯორჯიას" ხელმძღვანელების მიმართ. 25 წელია, სოფელ ცხემლისხიდში ერთსა და იმავე პრობლემაზე, ხარისხიანი ელექტრობოძების დადგმის თაობაზე არაერთხელ ვიკრიბებით, შედეგი კი არაფერია. მოსახლეობას სინათლე უნდა ახალ წელს და არ აინტერესებს, კერძო კომპანიაა უშუქობის მიზეზი თუ ზოგადად ხელისუფლება. ის პასუხს ხელისუფლებას თხოვს. მე გთხოვთ, რომ ერთობლივად მივმართოთ აღნიშნულ კომპანიას, რათა ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ
გადაიჭრას," _ თქვა დეპუტატმა.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ სიჭინავას გამოსვლას სამართლიანი უწოდა და საუბარში ჩაერთო:
"მეც დამირეკეს ახალი წლის ღამეს და მითხრეს, მე რომ დღეს სინათლე მაქვს, ისე ყოფილიყოს შენს ოჯახშიო. მართალი ხარ-მეთქი, ვუთხარი იმ კაცს, აბა , რა მეთქვა, მაგრამ მთლად ჩვენი ბრალი არაა ეს-მეთქი. აუცილებლად უნდა ჩატარდეს საჭირო სამუშაოები, რომ დიდთოვლობისას მსგავსი პრობლემები არ წარმოიშვას," _ თქვა დარჩიამ.
დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ პრობლემას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. დარჩიამ კი შეახსენა მათ, რომ ახალი 2016 წელი მოახლოებული საარჩევნო პერიოდია და განსაკუთრებული მუშაობა სჭრდებათ.