ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში 6 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. საავტომობილო გზა გუშინ მეწყერმა წაიღო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახლებს კედლებიც დაებზარა:
_ ადრეც იყო მეწყერი, თუმცა, თოვლმა და წვიმამ გუშინ საშიში მდგომარეობა შექმნა. ადგილობრივი ხელისუფლებაც იყო მოსული, გუბერნატორის მოადგილეც, გეოლოგებიც მოიყვანეს და გვითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ სახლები.
გუბერნატორის მოადგილემ, სოსო ერქომაიშვილმა გვითხრა, რომ დროებითი საცხოვრებელი მოვძებნოთ, გადავიდეთ და ქირას ადგილორბივი ხელისუფლება გადაიხდის.
უკვე ვალაგებთ ბარგს, მაგრამ არ ვიცით რა ვუყოთ საქონელს. დაახლოებით ნახევარ კილომეტრზე გზა არ არის. დროებით კი შევეკედლებით ახლობლებს, მაგრამ საქონელს, რომელიც ჩვენი ერთადერთი მარჩენალია არ ვიცით რა ვუყოთ და აქედან როგორ გავიყვანოთ, _ გვითხრეს დაზარალებულებმა.
მათივე თქმით, ბზარები ყოველ წამს მატულობს და შესაბამისად საფრთხეც დიდია.
გარესამაყორს მოწყვეტილ ექვს ოჯახს ხელისუფლების დახმარების იმედი აქვს. "გურია ნიუსი" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ზაზა ურუშაძემ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.