მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, „ოქროს გლობუსის“ კიდევ ერთი გამარჯვებული – მეთ დეიმონი გახდა. მეთ დეიმონმა ჯილდო – ალ პაჩინოსთან, კრისტიან ბეილთან, მარკ რუფალოსთან და სტივ კარელთან კონკურენციის პირობებში მოიპოვა.
სოლიდური სამსახიობო კონკურენციის მიუხედავად, მეთ დეიმონი „ოქროს გლობუსის“ მოპოვების ფავორიტი იყო და შეიძლება ითქვას, რომ დამსახურებლად გაიმარჯვა.
მეთ დეიმონის გამარჯვებაში საინტერესო და უცნაური ის ფაქტია, რომ დაჯილდოების ორგანიზატორებს – უცხოური პრესის ჰოლივუდის ასოციაციას, რიდლი სკოტის სამეცნიერო ფანტასტიკის დრამატული ფილმი „The Martian“ („მარსელი“) – „კომედია ან მიუზიკლის“ ნომინაციაზე და თავად მეთ დეიმონი კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზე ჰყავდა წარდგენილი.
საბოლოოდ, წლის ერთ-ერთი დრამატული ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა ჯილდო – „კომედიაში მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ მიიღო.
მეთ დეიმონი ბერლინის კინოფესტივალის და „ოსკარის“ (საუკეთესო სცენარისათვის“) გამარჯვებულია. აქამდე დეიმონი „ოქროს გლობუსზე“ ექვსჯერ წარადგინეს და ის „ოსკართან“ ერთად 1997 წელს „Good Will Hunting“-ის სცენარისთვის ჰქონდა მიღებული.