როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გავრცელებული ხმები საფეხბურთო კლუბ "გურიაში" დიდი ცვლილებების განხორციელების შესახებ, რეალობაა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კლუბს წარმოშობით თბილისელი, ამჟამად კი ავსტრიაში მცხოვრები სომეხი ეროვნების პიროვნება ჩაუდგება სათავეში.
დაგეგმილია, რომ 15 იანვარს კლუბის ახალი მესვეურები ლანჩხუთში ჩამოვლენ და გუნდის შეკრება მას შემდეგ მოხდება. საუბარია უცხოელ მთავარ მწვრთნელზე და რამდენიმე ლეგიონერზე, თუმცა, კონკრეტული ინფორმაცია ჯერ კიდევ უცნობია ჩვენთვის.
ჩამოსულებს რამდენიმე ადგილობრივი და კლუბში დარჩენილი ფეხბურთელიც შეუერთდება და ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადებაც დაიწყება. ვინაიდან ახალაშენებული გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა ტექნიკურად ჯერ მზად არ არის გუნდის მისაღებად, ჯერ უცნობია ამ პრობლემების მოგვარებამდე სად დაბანაკდება და მოემზადება "გურია".
ჩვენივე ინფორმაციით, ინვესტორი გარკვეული თანხის ჩადებას გეგმავს გუნდში და ამავდროულად რამდენიმე საკვანძო თანამდებობასაც ითხოვს დირექტორატში. თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რაზე შეთანხმდებიან მხარეები, ამას უახლოეს დღეებში შევიტყობთ.