1994 წლის 27 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მზიანში, ღამით ყაჩაღთა ბანდა თავს დაესხა ერთ-ერთ ოჯახს. ხმაურზე მეზობლები გამოცვივდნენ და მძევლად აყვანილი ოჯახის გარშემო დადგნენ _ ისინი სანადირო თოფის გასროლით ყაჩაღებს მოუწოდებდნენ, დაეტოვებინათ ოჯახი. საპასუხოდ ბოროტმოქმედებმა ცეცხლი გაუხსნეს დასახმარებლად მისულ მეზობლებს. ამ დროს დაიჭრა დავით ჯინჭარაძე _ ტყვიამ მას ხერხემალში გაუარა და სამუდამოდ ლოგინს მიაჯაჭვა. მას შემდეგ 18 წელი გავიდა. ჯინჭარაძეს რამდენიმე წლის განმავლობაში ეძლეოდა სოციალური დახმარება. შემდეგ მას ამერიკიდან ღვთისნიერი ადამიანი შეეხმიანა, რომელმაც ერთჯერადი სამკურნალო დახმარება გაუწია. მკურნალობის შემდეგ, როცა შინ დაბრუნდა, სოციალური დახმარება უკვე მოხსნილი ჰქონდა.
დღეს ჯინჭარაძის ოჯახს ძალიან უჭირს და საკუთარ პატარა სახლში, დედასთან ერთად ცხოვრობს. დავით ჯინჭარაძე დღესაც ინვალიდის ეტლში ზის, გადაადგილებაში დედა ეხმარება, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს კი სახელმწიფო დახმარებაზე უარს ეუბნება.