გასული კვირის პარასკევს, ჩოხატაურის პოლიკლინიკაში, დღის 4-ის ნახევრისთვის ექთანი არ იმყოფებოდა. შრატის გასაკეთებლად მისულ პაციენტს, პოლიკლინიკის გამგემ, რუსუდან შუბლაძემ სოფელ ფარცხმიდან ექთნის ჩამოყვანა საკუთარი სახსრებით მოსთხოვა.
4 საათისთვის, პოლიკლინიკაში არც რუსუდან შუბლაძე იმყოფებოდა. როცა ტელეფონით იმის გასარკვევად დავუკავშირდით, რატომ უნდა მოიყვანოს პაციენტმა ექთანი საკუთარი სახსრებით სამედიცინო დაწესებულებაში, მოკლე პასუხი გაგვცა: _ მე მაგ პაციენტს ვუთხარი, რომ ექთანი უნდა ჩამოიყვანოს, _ გვითხრა შუბლაძემ და ტელეფონი გაგვითიშა.
ჩოხატაურის საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თემურ კოროშინაძის თქმით, სამუშაო საათებში ექთნის საავადმყოფოში მიყვანა პაციენტის ვალდებულება არ არის. თუმცა, ამავე საავადმყოფოს ექიმები და ექთნების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამაში გასაკვირი არაფერია(?!), რადგან ისინი მიზერული ხელფასებით დღე და ღამე მუშაობენ.
როგორც აღმოჩნდა, მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის _ ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც გასულ პარასკევს აღნიშნულ ინციდენტს შეესწრო, ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ გასულ ზაფხულს, გონდაკარგული მოზარდი, ჩოხატაურის საავადმყოფოში ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის გარეშე ჰყავდათ:
_ ბავშვი, უგონო მდგომარეობაში, სასწრაფო დახმარების მანქანით ჩამოვიყვანეთ საავადმყოფოში. კარგად მახსოვს, სამი საათი იყო და საავადმყოფოში ექიმი არ დაგვხვდა. სოფელ ხიდისთავიდან ჩვენი მანქანით გამოვიყვანეთ, _ აღნიშნა რესპონდენტმა, რომლის ვინაობას ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ.
ეს რესპონდენტი ერთადერთი არ არის, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საავადმყოფოში ექიმის და ექთნის მოყვანა, პაციენტებს საკუთარი სახსრებით, სამუშაო საათებშიც ხშირად უწევთ.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, სოფო გულუას თქმით, სამინისტრო ამ ფაქტით აუცილებლად დაინტერესდება: _ მე არ ვიცი, რა მოხდა და რამ გამოიწვია ასეთი ქმედება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი ფაქტი ბოლო იქნება, _ გვითხრა გულუამ.