უხვ ნალექს აჭარა მოუმზადებელი შეხვდა. ამ დროისათვის თოვლის საფარი მაღალმთიანეთში მეტრს და მეტსაც კი აღწევს. ზღვისპირეთში კი 30-40 სანტიმეტრამდეა. ძალიან ბევრ უბანზე ქობულეთსა და ხელვაჩაურში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს გადამცემი ხაზების აღდგენა, ყველა აბონენტისათვის დენის მიწოდება ჯერჯერობით არ ხერხდება.
გადაადგილება ჭირს გზებზეც, რომელთა მხოლოდ ნაწილი იწმინდება. გაუწმენდავია ბათუმის ქუჩებიც, სადაც ხელისუფლებამ და შესაბამისმა სამსახურებმა მხოლოდ ცენტრალური გზების გაწმენდა უზრუნველყვეს, გარეუბნების ქუჩები კი გაუწმენდავი დატოვეს.
ამ დროისათვის რეგიონში ინტენსიური თოვა არ არის, მაგრამ სინოპტიკოსები ღამით კვლავ უხვ ნალექს გვპირდებიან.