რაჭაში დიდთოვლობაა. მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
_ არც გზაა, არც ელექტროენერგია. ძალიან ცუდ დღეში ვართ. ძალიან გთხოვთ გააგებინეთ ხელისუფლებას, რომ რაჭაში ხალხი ცხოვრობს, რომ მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღემატება _ გვწერენ რაჭიდან.
პარალელურად სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, ვიდეოები და სტატუსები:
" ხალხი შველას ითხოვს. არ არის გზა, მთის სოფლები მოწყვეტილია გარე სამყაროს… ტელევიზიები სერიალებს რომ აჩვენებთ ადით და გადაიღეთ რა მდგომარეობაა… მიაწვდინეთ ხმა და მიხედონ ხალხს ვისაც ევალება!" _ ასეთი წარწერა აქვს ფეისბუქში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოს რაჭა და რაჭველების გვერდზე.
ანალოგიური პრობლემა აქვს ქვემო სვანეთის მოსახლეობას. დიდთოვლობის გამო ვერ მოძრაობს ტრანსპორტი და სოფლების უმეტეს ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით გაწმენდითი სამუშაოები შესაძლებლობის ფარგლებში ყველა მიმართულებით მიმდინარეობს:
_ ინტენსიურმა თოვლმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში შემავალ მაღალმთიან სოფლებში გარკვეული შეფერხებები გამოიწვია.
თუმცა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, მხარის მასშტაბით სრულად არის მობილიზებული სპეციალური ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები შესაძლებლობის ფარგლებში ყველა მიმართულებით მიმდინარეობს.
საკმაოდ მძიმე ზამთარი გვაქვს და შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობთ გამკლავებას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მარიკა დვალმა.
მისივე თქმით "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომლები 24საათიან რეჟიმში მუშაობენ:
_ როგორც გვეუბნებიან დღის ბოლომდე აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება. ვიცით, რომ პრობლემებია, თუმცა ყველა სამსახური მუშაობს. ამასთანავე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, _ აღნიშნა დვალმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.




































































