ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვან-ზომლეთსა და სამებაში ამ დროისთვის მოძრაობა შეჩერებულია. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, გზა სრულიად გაუწმენდავია:
_ აღარ ვიცით, ვის მივმართოთ. 1 მეტრზე მეტი თოვლია, გზა არ არის _ პურის საყიდლად ვერ გამოდის ხალხი. იქნებ, დაგვეხმაროთ და ხელისუფლებას მიაწვდინოთ ხმა, _ ასეთი თხოვნით ვან-ზომლეთში და სამებაში მცხოვრები არაერთი ადამიანი დაუკავშირდა "გურია ნიუსს".
აღნიშნული გზა ცენტრალური მაგისტრალია და მისი გაწმენდა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიის შპს "გზამშენი 18"-ის ვალდებულებაა.
კომპანიის ხელმძღვანელის თემურ ჯახვას თქმით, გზის ნახევარი უკვე გაწმენდილია:
_ უნდა გაიგოთ, რომ სტიქიაა. ტექნიკა ყველა მიმართულებით მუშაობს. მესმის, რომ რთულია, მაგრამ მოითმინონ და დღის ბოლომდე გზა სრულად გაიწმინდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯახვამ.
ასეთ დროს რომ მოთმენა შეუძლებელია, კარგად იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას კარგად ფლობს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის თქმით, სამებასა და ვან-ზომლეთში ამ წუთებში მუნიციპალიტეტის ტექნიკა მუშაობს:
_ ახლა არ არის იმის გარკვევის დრო, ვის ეკუთვნის გზის გაწმენდა. ამაზე მას შემდეგ ვისმჯელებთ, რაც პრობლემა მოგვარდება. ამისთვის კი ყველაფერს ვაკეთებთ. მუნიციპალიტეტის ტექნიკა უკვე წმენდს სამებისა და ვან-ზომლეთის გზას, _ გვითხრა მამალაძემ.































































