გუგული მაღრაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის სახელით, "ევროპაში ეროვნული უმცირესობების კავშირის" ვიცე პრეზიდენტს ჰალიტ ჰაბიპ ოღლუს და მესხეთელი თურქების საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ვათანის" თავმჯდომარეს ჟავიდ ალიევს შეხვდა. გუგული მაღრაძემ შეხვედრის მონაწილეებს 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ, კერძოდ, საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხეთელი მოსახლეობის რეპატრიაციის, ინტეგრაციის და მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ სამართლებრივი ბაზის მომზადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
"2007 წელს მიღებული კანონისა და 2010 წლის 30 მარტის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე, იძულებით გადასახლებული მესხეთელი მოსახლეობის ნაწილმა, რომელმაც სათანადო წესის დაცვით მიმართა საქართველოს მთავრობას, უკვე მიიღო მოქალაქეობა. ნაწილს აქვს პირობადადებული მოქალაქეობა. ამდენად, არსებული საკანონმდებლო აქტების მიღებით საქართველომ ფაქტიურად შეასრულა ევროპის საბჭოს წინაშე გაწევრიანებისას ნაკისრი ვალდებულება. 2014 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო „ყოფილი სსრკ-ს მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია". ამჟამად დასრულებულია სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა და მიმდინარეობს სამთავრობო უწყებებთან შეთანხმების პროცესი, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობას სამოქმედო გეგმა დასამტკიცებლად წარედგინება", – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
შეხვედრის მონაწილეებმა რეპატრირებული მუსლიმი მესხების პრობლემების მოგვარებისთვის თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.