ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გასულ კვირას, “ლიბერთი ბანკის” გურიის რეგიონულ მმართველად ავთანდილ სვანიძე დაინიშნა.
სვანიძე ამ დრომდე აღნიშნული ბანკის ოზურგეთის ფილიალის მმართველი იყო. როგორც გავარკვიეთ, ოზურგეთის ფილიალს ის ისევ უხელმძღვანელებს, თუმცა, მის დაქვემდებარებაში იქნება ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ფილიალებიც.
ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია სვანიძემ “გურია ნიუს” დაუდასტურა, თუმცა, კომენტარებისგან თავი შეიკავა.
ჩვენი ინფორმაციით რეგიონის ახალი მმართველი საკადრო ცვლილებებს მალე განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის ყველაზე მეტი პრეტენზია “ლიბერთი ბანკის” ჩოხატაურის ფილიალზე მოდის _ ჩვენი მკითხველები ხშირად აღნიშნავენ, რომ ამ ბანკის მმართველი და თანამშრომლები კლიენტებს უხეშად ესაუბრებიან. უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო პერიოდში სწორედ აქ აღმოაჩინეს ფინანსური მაქინაციები, რომლის ავტორი სწორედ “ლიბერთი ბანკის” ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომლები იყვნენ.
რა გეგმები აქვს სვანიძეს და როგორ აპირებს შექმნილი სიტუაციის გამოსწორებას უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ “ლიბერთი ბანკის” ჩოხატაურის ფილიალის, და არა მარტო ჩოხატაურის, პრესტიჟის ამაღლებისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო.