"ყველანაირად თავს ვიკავებდით ინფორმაციის გავრცელებისგან, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს _ ფილმ "დედეს" 30 კაცისაგან შემდგარი კინო გადამღები ჯგუფი, უკვე ერთი კვირაა, ვერ ახერხებს უშგულიდან გამოღწევას თოვლისგან ჩაკეტილი გზის გამო. იმედი გვქონდა იმ დაპირებებისა, რომელსაც ვისმენდით ერთი კვირის განმავლობაში, რომ დღეს ან ხვალ გაიხსნება გზა. ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს," _ წერს სოციალურ ქსელში მარიამ ხაჭვანი.
"გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ მარიამ ხაჭვანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
"სამწუხაროდ, გადავაწყდით ადგილობრივი ხელისუფლების აბსოლუტურ უპასუხისმგებლობას და გულგრილობას ჩვენი და ადგილობრივ მოსახლეობის მიმართ. 1 წლის მძიმედ მყოფი ბავშვი გიორგი ჩარქსელიანი (რომელსაც მძიმე ავადმყოფობა დაუდგინდა და გერმანიაში უწევთ მისი გადაყვანა, თუმცა, უსახსრობის გამო ჯერ საქართველოშია), უშგულიდან ცხენით გადაიყვანეს ზვავებში. შემდგომ ბატონმა ილო გერლიანმა უზრუნველყო მისი მესტიაში გადაყვანა, რომ გადაერჩინა.
ფილმს მინუს 35 გრადუსში ვიღებდით და ჯგუფის ყველა წევრმა გადაიტანა ვირუსის მძიმე ფორმა, ამოიწურა წამლების მარაგი.
ჩაკეტილ და მიგდებულ სოფელს, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებით ცხოვრობენ, არ გააჩნია არანაირი წამლის რესურსი.
შევახსენებ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ეს ფილმი სვანურ კულტურას და ენას მსოფლიოს გააცნობს და ვალდებულები არიან, ყველანაირად დაგვეხმარონ.
მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას, აღმოგვიჩინოს დახმარება!"
ინფორმაციისთვის _ სოფელ უშგულში მიმდინარეობს ფილმ "დედეს" გადაღება.
"გურია ნიუსი" ამ წუთებში ცდილობს გაარკვიოს, როდის გაიწმინდება გზა უშგულში.