2015 წელს 63 მილიონი ლირის ღირებულების (დაახლოებით 50 მილიონი ლარი) კონტრაბანდული საქონელია ამოღებული სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეების მიერ იმ მოქალაქეებისაგან, რომლებიც ქვეყანაში საქართველოდან შედიოდნენ.
ამოღებული კონტრაბანდული საქონლის სია ასე გამოიყურება: სიგარეტი, ალკოჰოლური სასმელები, ავტომობილების ნაწილები, საწვავი, საიუველირიო ნაკეთობანი, მობილური ტელეფონები, ნარკოტიკი, იარაღი და საბრძოლო მასალები.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ართვინის გუბერნიის ვალის ქემალ ჯირითის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვალის განცხადებით, ყველაზე მეტად საქართველოდან სიგარეტის კონტრაბანდულად შეტანის შემთხვევები იყო და გასული წლის განმავლობაში ამოღებულია 22 მილიონი ლირის ღირებულების სიგარეტი.
აღსანიშნავია, რომ შარშან სარფის საბაჟოს საშუალებით საქართველოს ორი მოქალაქე თურქეთში 3 კილოგრამზე მეტი ცეზიუმისა და წითელი ვერცხლისწყლის შეტანასაც შეეცადა, რომელსაც ატომურ მრეწველობიაში გამოიყენებენ. მისი საბაზრო ღირებულება კი სამ მილიონ დოლარს აჭარბებდა.