დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სოფელ ასკანის დეპუტატმა ილია მამალაძემ კვლავ მოსალოდნელი დიდთოვლობის შესახებ ისაუბრა, რომელიც ამინდის პროგნოზითაა ნაჩვენები და ითხოვა თანადგომა, რომ სოფელი სტიქიას უფრო ადვილად გაუმკლავდეს:
"გასული თვის დიდოვლობის შემდეგ გზები კარგად გაიწმინდა, თუმცა პრესას ვინც ადევნებდა თვალს, შენიშვნებიც უხვად იყო და ეს გასათვალისწინებელია. ჩვენ სოფელში გვყავს ტექნიკა, რომელსაც თუ საწვავს გამოვუყოფთ, ადგილობრივი ტრაქტორისტი უფრო იაფად უფრო მეტს იმუშავებს, ვიდრე გარედან შემოყვანილი. ახლა ადგილზე ბიუჯეტი არ გვაქვს. იქნებ, მოხერხდეს საწვავისთვის თანხის გამოყოფა ან საწვავის გადმოცემა, რომ ადგილობრივი ძალებით მეტი შევძლოთ. გასათვალისწინებელია, რომ მალე ხუთდღიანი უამინდობაა მოსალოდნელი," _ თქვა მამალაძემ.
იგივე აზრი გამოთქვა და ასევე საწვავით და სპეციალური სამკუთხა მისაბმელებით დახმარება ითხოვა სოფელ მაკვანეთის დეპუტატმა ნუგზარ კალანდარიშვილმა:
"რვა საათზე ქუჩაში ვიყავი გამოსული და ცხრაზე დაწერეს, მაკვანეთში გზა არ არის გაწმენდილიო. ასეც არ შეიძლება. მე ვითონ მყავს ტრაქტორი. სოფელში არიან ტრაქტორისტის პროფესიის მქონე ადამიანები, რომლებსაც 30 ლარს თუ გადავუხდით და საწვავს ჩავუსხამთ, მთელი დღე იმუშავებენ. საკუთარ სოფელში საქმესაც უფრო გულისყურით მიხედავენ. გარედან მოსული ტრაქტორს, რომელიც ერთ საათში 50 ლარს ითხოვს და მთელი დღის განმავლობაში, ალბათ, 400 ლარი უნდა."-აღნიშნა დეპუტატმა.
დეპუტატების წინადადება მოიწონეს, თუმცა საკითხი დროებით ღიად დარჩა.