ოზურგეთში, სამშაბათს განათლების და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს ელოდებოდნენ, მაგრამ ის არ ჩამოვიდა. პედაგოგებთან და სკოლის დირექტორებთან შეხვედრა მაინც შედგა, მაგრამ არა შაშკინთან, არამედ მის მოადგილესთან ნოდარ სურგულაძესთან, რომელმაც საუბარი ასე დაიწყო:
_ დღეს, განათლების და მეცნიერების მინისტრიც აპირებდა ჩამოსვლას, ოზურგეთში სამთავრობო სხდომა იყო დაგეგმილი, მაგრამ რიგი მიზეზების გამო გადაიდო. ამის გამო მინისტრმა ბოდიში მოგიხადათ. მე კი ვისაუბრებ იმ პროგრამების შესახებ, რომლებსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს. ამჟამად განათლების სისტემაში რეფორმები 49 მიმართულებით ხორციელდება და კონკრეტული შედეგებიც გვაქვს, _ თქვა შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტები საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებსა და არდადეგების პერიოდში სკოლების რეაბილიტაციაზე გაკეთდა.
მინისტრის მოადგილის თქმით, როდესაც ის ოზურგეთში გასულ წელს იმყოფებოდა, ოზურგეთელმა პედაგოგებმა ბევრი შეკითხვები დასვეს, რაც ამ შეხვედრაზე არ მომხდარა. ნოდარ სურგულაძემ ეს იმით ახსნა, რომ წინა შეხვედრაზე დასმული შეკითხვები სამინისტრომ გაითვალისწინა და მათ საქმით გასცა პასუხი.