“გურია ნიუსი” ახლახან წერდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მგელი გამოჩნდა. 1 აპრილს, კვირას, დღისით, მზისით მგელი ჭანიეთშიც შენიშნეს. ეს ამბავი ჭანიეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ სურგულაძემ მოგვიყვა. სოფლის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ის თავის მეუღლესთან და მეზობლებთან: ვახტანგ შავიშვილთან, დომენტი და საბა სურგულაძეებთან ერთად ცხოვრობს, საკუთარ ეზოსთან იმყოფებოდა. უცებ, დიდი ზომის რუხი ფერის ცხოველი შემოვარდა, რომელსაც ყურები დაცქვეტილი ჰქონდა და მოპირდაპირე შუკაში გარბოდა.
_ ეს არ იყო ძაღლი. ჩვენგან ხუთი მეტრის დაშორებით იმყოფებოდა. როცა გარბოდა, ეტყობოდა, კოჭლობდა. პირში, სავარაუდოდ, ძვლიანი ხორცის ნაგლეჯი ედო, _ ამბობს ბატონი ავთო. – ვახტანგ შავიშვილმა ყვირილი მორთო, გარეთ არ გამოხვიდეთო. თუმცა, მგელს აგრესია არ ეტყობოდა. ის ზეგნის მიმართულებით გაიქცა. ალბათ, სადღაც დაჭრეს ან ფეხი დაუზიანდა და მთიდან აქეთ გადმოვიდა. ჰქონდა გრძელი კისერი, რომელსაც გვერდზე ვერ აბრუნებდა. ნამდვილად მგელი იყო.
საათსაც დავხედე, სამს ოცი წუთი აკლდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი, ჭანიეთის სარეისო მიკროავტობუსსაც შეფეთებია გზაზე, _ თქვა სურგულაძემ.
“გურია ნიუსი” ჭანიეთის სარეისო მიკროავტობუსის მძღოლს ჟორა რიჟამაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, ნამდვილად ნახა თუ არა მგელი: _ შაბათს, 7 აპრილს მორიგ რეისს ვასრულებდი ოზურგეთიდან ჭანიეთში. სოფელში მისვლამდე, ლიხაურის ყოფილ ჩაის ფაბრიკასთან, უცებ გამოვარდა ძალიან დიდი რუხი ფერის ცხოველი და მერე ჩაის ბუჩქებში გაუჩინარდა. ეს ნამდვილად მგელი იყო, გრძელი კისრით, წინ წაწეული თავით, გვერდზე არ მოუხედავს, _ გვითხრა რიჟამაძემ.
ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს მიხეილ გოგოტიშვილს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ ამ ყველაფერს გარემოს დაცვის სამინისტროს შეატყობინებს.
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსმა ნიკა ნოზაძემ “გურია ნიუსს” უთხრა, რომ ასეთ შემთხვევაში მგელი უნდა მოეკლათ: _ მართალია, მგლის მოკვლისთვის ჯარიმაა დაწესებული, მაგრამ როცა გარეული ცხოველი სოფელში შემოვარდება ან თავს გესხმის, უნდა მოკლა. ამისთვის არავის დავაჯარიმებთ. მე ამ ფაქტის შესახებ სამინისტროში დავრეკავ, _ თქვა მან.
შესაძლოა, მაკვანეთში გამოჩენილი მგელი ჭანიეთშიც გადმოსულიყო, რადგან ეს ორი სოფელი ტერიტორიულად გვერდი-გვერდ მდებარეობს.