"გურია ნიუსის" ინფორმაციით ტელეკომპანია პირველი გაიყიდა და მისი ახალი მფლობელი კიევის ყოფილი მერი, პარტია "ბედნიერი საქართველოსთვის" დამფუძნებელი ლეონიდ ჩერნოვეცკია.
ჩერნოვიცკი ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ტელეკომპანიის ყიდვა მის გეგმებში არ შედის:
_ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არც კი განიხილება ტელეკომპანია პირველის შესყიდვის საკითხი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩერნოვიცკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე წერეთელმა.
ტელეკომპანია "პირველი TV" სატელევიზიო ბაზარზე გასულ წელს გამოჩნა. მანამდე იგი ტელეკომპანია TVS-ის სახელით მაუწყებლობდა და სპორტულ ამბებს აშუქებდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით ტელეკომპანიის ასპროცენტიან წილს 1980 წელს დაბადებულ ქეთევან ჯაფარიძე ფლობს, რომელსაც ასევე წილები აქვს შპს "ალექსანდრეში", შპს "ბინოლაში", შპს "სტარნდარტ ტობაკო ინკორპორეითედში", შპს "პირველი ჟურნალში" და შპს "სამგორი ფარმაში".
თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით ტელეკომპანიის რეალური მფლობელი ბიზნესმენი ავთანდილ (ჭუტა) წერეთელია.
ტელეკომპანია "TVS" და დღეს უკვე "პირველი TV" 2014 წლის 1 მარტს დაარსდა.
რეესტრის მონაცემებით ტელეკომპანიაში ხშირია დირექტორთა ცვლილება. თავიდან ამ თანამდებობაზე ოთარ თოფურიძე იყო, შემდეგ თამარ ფხაკაძე, რომელიც შამშე კალანდაძემ ჩაანაცვლა.
ბოლო ცვლილება 2015 წლის აგვისტოშია განხორციელებული და ეს ისევ დირექტორს ეხება.
აგვისტოში ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობა პაატა კაკაურიძემ დაიკავა, რომელიც დღემდე მართავს ტელევიზიას.