დღეს, პრეზიდენტთან შესახვედრად სკოლამდელი დაწესებულებებისა და საჯარო სკოლის მოსწავლეების გარკვეულ კონტიგენტს ამზადებენ, რის უმთავრესი მიზანიც, ბავშვების მიერ, “მიშა-მიშას” სკანდირება უნდა იქნეს. როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, ნორჩი აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეების მშობლებს დაავალეს, ბავშვებთან და მასწავლებლებთან ერთად, საკუთარი შვილების გვერდით დგომა.
ოზურგეთის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი მაკა ჭყონია “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მსგავსი დავალება არავისგან მიუღია და, აქედან გამომდინარე, არც არავისთვის დაუვალებია რაიმე. თუ თავისი სურვილით მოვა ვინმე, მისივე გადასაწყვეტია, _აღნიშნა ქალბატონმა მაკამ.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირინა ინარიძე ამბობს, რომ მსგავსი დავალებები არავისთვის მიუცია. მან განმარტა, რომ ვალდებულია, ყველა საქმის კურსში ჩააყენოს, ვინც მის დაქვემდებარებაშია. წავლენ თუ არა, მათი საქმეა. დავალება კი არავისთვის მიმიცია, _ თქვა მან.