ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ომფარეთში მცხოვრებ გური კვარაცხელიას ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. ოჯახი სოციალურად შეჭირვებულია, გასულ დღეებში მოსულმა უხვმა თოვლმა, ისინი ფაქტობრივად, საცხოვრებელის გარეშე დატოვა- სახლის სახურავი ჩამოინგრა, რის გამოც შიგ ღამის გათევა შეუძლებელია და თავს მეზობლებს აფარებენ.
"გაუსაძლისია ჩვენი საცხოვრებელი პირობები. სახლის სახურავი ჩამოინგრა და ფაქტობრივად, ღამის გასათევი არ გაგვაჩნია. სახლში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი გვყავს, რომელიც საწოლსაა მიჯაჭული. მეც ავადვმყოფობ, ინსულტი მაქვს გადატანილი, ხოლო მეუღლე ხანდაზმულია. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ავადმყოფმა და მოხუცმა ადამიანებმა?! შვილი მეზობელთან გვყავს შეხიზნული,", – ამბობს ოჯახის დიასახლისი მერი კვარაცხელია.
ღრამღელის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ მარშანიშვილის თქმით, ის და სოფლის რწმუნებული იმყოფებოდნენ კვარაცხელიების ოჯახში, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და ყველა საჭირო დოკუმენტაცია თბილისშია გადაგზავნილი.
"მათი სახლი მართლაც სავალალო მდგომარეობაშია, სტიქიის შედეგად სახურავი სრულიად ჩამოინგრა. ადგილზე რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, ახლა დოკუმენტაცია თბილისშია გადაგზავნილი და ვნახოთ რა იქნება და როგორ დაეხმარებიან", -გვითხრა თემურ მარშანიშვილმა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, კვარაცხელიების ოჯახის პრობლემა მათთვის კარგადაა ცნობილი.
"დიდთოვლობამ მუნიციპალიტეტში დაახლოებით 18 სახლი დააზიანა, რის გამოც შექმნილია სპეციალური კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ამ ეტაპზე, ჩვენ შეგვიძლია კვარაცხელიების ოჯახი, თუ მათი თანხმობა იქნება, ქირით უზრუნველვყოთ", -ამბობენ გამგეობაში.