ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოფიციალურად შეუწყდება უფლებამოსილება დაბა ნასაკირალის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს შოთა ართმელაძეს, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
საკრებულო ამ საკითხზე მსჯელობას ამ წუთებში იწყებს.
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დაბა ნასაკირალიდან შოთა ართმელაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბა ნასაკირალის ადმინისტრაციულ ერთეულში ტარიელ ანთაძე 2015 წლის ივლისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა დაბა ნასაკირალის ტერიტორიაზე მდებარე უმოქმედო სკოლის შენობის სათანადო ნებართვისა და პროცედურების გავლის გარეშე ერთწლიან სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ, თურქეთის და საქართველოს მოქალაქეებს ქრთამის სახით 2000 აშშ დოლარი და 1000 ლარი გამოართვეს.