აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2015 წლის მეორე ნახევარში განხორციელებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა.
უწყების ანგარიშის მიხედვით 2015 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით სამსახურმა ჯამში 1 400-ზე მეტი აქტივობა განახორციელა. მომზადდა 43 ანალიზი და ანგარიში, სადაც მოხდა მიმდინარე საქმეების დეტალური შესწავლა, მხარეთა ინტერესების დარღვევის იდენტიფიცირება და მათი ანალიზი, რის შემდგომაც სამსახურმა მოამზადდა 121 რეკომენდაცია. მათ შორის: ერთი სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული რამდენიმე ფინანსური ვალდებულების შემთხვევაში, საფასურის გამოთვლა მოხდეს თანხების დაჯამებით. თუკი მოვალის ფინანსური ვალდებულება ბევრად ნაკლებია, ვიდრე მისი უძრავი ქონების ღირებულება, მისი აუქციონზე რეალიზაციამდე მოხდეს ყველა სხვა რესურსის ამოწურვა ვალდებულების შესრულებისთვის, მათ შორის შუამდგომლობა მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით.
აღსრულების პოლიციას მიეცა რეკომენდაცია, რომ გამოსახლების პროცესის ჩანიშვნამდე მოხდეს მოვალის სოციალური მდგომარეობის გამოკვლევა სოციალური სააგენტოს ერთიან ბაზაში.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, განხორციელდა 332 მისამართზე გასვლა აღმასრულებლებთან ერთად, რომლის ფარგლებშიც მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის მენეჯერები ახორციელებენ მხარეთა უფლებების განმარტებასა და კანონიერი ინტერესების დაცვას. ასევე მათი ჩართულობის ერთ-ერთი მიზანია, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი მოვალის მხრიდან ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებას.
განხორციელდა 135 დასწრება გამოსახლებებსა და დემონტაჟზე, სადაც მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერების მხარეებთან აქტიური კომუნიკაციით, ხდება მათი ინფორმირება საქმის მიმდინარეობის შესახებ, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, შუამდგომლობა თვითმმართველ ორგანოებთან მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. მსგავსი აქტიური თანამშრომლობით, ხშირია გამოსახლებული ოჯახების ადგილობრივი გამგეობის მიერ ბინის ქირით უზრუნველყოფის შემთხვევები.
მხარეებთან ჩატარდა 759 შეხვედრა, სადაც მოხდა მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხების შესწავლა და მათი მოთხოვნათა შესრულების შემდგომი კოორდინაცია. მოქალაქეებთან პირადი თუ სატელეფონო კომუნიკაცია მიზნად ისახავს მხარეთა მორიგებას წარმოების ფარგლებში. მსგავსი კომუნიკაციით შედეგად, უმეტეს შემთხვევაში, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას.