დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრაქცია "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის" თავმჯდომარემ, დეპუტატებისთვის საშვებულებო თანხების დამატების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, კახა ურუშაძის რეპლიკა მოჰყვა, ცემს თუ არა ჩხაიძე პატივს კოლეგა დეპუტატებს. როგორც გაირკვა, გამგებლის ძმა "სხვადასხვაში" აპირებდა კოლეგისთვის პასუხი მოეთხოვა იმ პუბლიკაციისთვის, რომელიც ელგუჯა ჩხაიძემ სოციალურ ქსელში განათავსა. ჩხაიძემ უპასუხა, რომ თავად ურუშაძემ უნდა სცეს პატივი საკუთარ თავს და ეს კამათი მალე ხმაურში გადაიზარდა. ურუშაძეს ემზარ თედორაძე და ჯუმბერ ბლაგიძე გამოექომაგნენ, რის შემდგომ სხდომის ჩარჩოებიდან გასვლის საშიშროებაც შეიქნა. საბედნიეროდ ურთიერთშელაპარაკება მალე ჩაცხრა და ზემონახსენებ "სხვადასხვა" საკითხის განხილვამდე, სხდომა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
როდესაც "სხვადასხვას" ჯერი დადგა, კახა ურუშაძემ, ელგუჯა ჩხაიძეს ის პუბლიკაცია შეახსენა, სადაც მისი აზრით ის შეურაცყოფას აყენებს საკრებულოს წევრებს და ეთიკის კომისიას თხოვა აღნიშნულთან დაკავშირებით, სხდომა მოიწვიოს და რეაგირებაც გააკეთოს.
როგორც ირკვევა, ჩხაიძემ ამ პუბლიკაციაში გამგეობა თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა, ხოლო საკრებულოს დეპუტატები უმოქმედობის გამო მონებად მონათლა. დეპუტატთა ერთმა ნაწილმა, ეს პირად შეურაცხყოფად აღიქვა და ჩხაიძეს ახსნა – განმარტებაც მოთხოვა.
ელგუჯა ჩხაიძემ სხდომა პროტესტის გამო დატოვა და თან მუნიციპალიტეტში პროკურატურის შემოყვანით დაიმუქრა.
"მე რომ მართალი ვარ, ამას დავამტკიცებ. მაიძულეთ ასე მექნა და ისღა დამრჩენია პროკურატურაში ვიჩივლო და მუნიციპალიტეტში ბოლო წლების ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესამოწმებლად, სათანადო ორგანოები შემოვიყვანო,"– განაცხადა ელგუჯა ჩხაიძემ.