საქართველოში ბევრი ადგილია, რომელსაც უნიკალურობას ისტორიული წასული, ბუნებრივი სილამაზე ან უიშვიათესი ჯიშის მცენარეები სძენენ.
ეს უკანასკნელი მხოლოდ მას შემდეგ გახდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, რაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაინტერესების შესახებ გახდა ცნობილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდა ხეების გადარგვის სამუშაოებს, რომელიც ციხისძირში მიმდინარეობდა.
პროექტი მას შემდეგ შეწყდა, რაც ივანიშვილი ადგილზე ჩავიდა და კანონიერების დოკუმენტაციის სრულად წარდგენამდე სამუშაოები შეაჩერა.
ახლა ციხისძირში ტექნიკა არ მუშაობს, თუმცა, ადგილზე 24 საათის განმავლობაში რჩებიან პარტიის აქტივისტები, რომლებიც კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.
ჩვენი რესპონდენტი, რომელსაც კამერის წინ გამოჩენა, ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, არ სურს გვიყვება, რომ ციხისძირში წლების მანძილზე უმოწყალოდ იჩეხებოდა ხეები და ამაზე პასუხს არავის სთხოვდნენ.
გაჩეხილ ხეებს, როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფო ტერიტორიაზე ბევრს ნახავთ. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ხეების დიდი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 1 ლარად გადაცემულ ტერიტორიებზე გაიჩეხა.
გვაჩვენებს იმ ადგილებსაც, სადაც, მისი მტკიცებით, მთა უკანონოდ იჭრება და გზები ნებართვების გარეშე გაჰყავთ.
მოჭრილი ხეები გვხდება ზღვისპირა ზოლზე და იმ ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზეც, საიდანაც ხეების გადარგვის სამუშაოებია დაწყებული. თუმცა, ამას არავინ აპროტესტებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ თუკი ბიზნესის სჭირდება, ხე უნდა მოიჭრას.