ევრობონდების გაყიდვის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს, _- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობა აბალანსებს ბიუჯეტს ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცით, მაგრამ ასევე აქვს ძალიან ამბიციური გეგმა ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბისა და სისწრაფის ზრდასთან დაკავშირებით.
„ამიტომ, შესაძლებელია დამატებითი რესურსი გახდეს საჭირო. ჩვენი პირველადი ნაბიჯი იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან იაფი რესურსის მოზიდვა, მაგრამ თუ მეტი ექსპანსია გახდა საჭირო, ესეც არ არის გამორიცხული. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის სწრაფი განვითარება და ამისთვის უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილს ასევე დაუსვეს კითხვა, როგორ შეაფასებდა საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას ბოლო ორი წლის განმავლობაში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს კომპლექსური საკითხია.
„ის, რომ ჩვენ გვქონდა მცურავი გაცვლითი კურსი, ძალიან დადებითია. რაც შეეხება ინტერვენციების პოლიტიკას, ამასთან დაკავშირებით მქონდა გარკვეული კრიტიკული შენიშვნები.
თუმცა ის, რომ რეფინანსირების სესხები გაიცემოდა და გარკვეულწილად საბანკო სექტორს უბრუნდებოდა ის რესურსი, რომელიც სახაზინო ვალდებულებების სახით იყო ამოღებული საბანკო სექტორიდან, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა პრემიერმა.