"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და სთხოვს უფლებამოსილება შეუჩეროს კახეთისა და გურიის გუბერნატორებს. ამასთან, მოითხოვენ, დაისვას მათი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
"კახეთის გუბერნატორი, რომელიც თანამდებობაზე იმიტომ დაინიშნა, რომ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ახლობელი იყო, საგმირო საქმეებში რეკორდი მოხსნა. კერძოდ, 21-ე საუკუნეში ბატონ-ყმობის ახალი ფორმები დაამკვიდრა – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მთელი აპარატი მის ოჯახზე მუშაობს. გამოვლინდა ფაქტი, როცა ინფრასტრუქტურის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, სამუშაო საათების დროს შიოლაშვილის მამის მამულში შრომობდა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა და პირი გარდაიცვალა. პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაიწყოს ძიება, თუ რატომ ხდებოდა სახელმწიფო რესურსის კერძო მიზნისთვის გამოყენება.
რაც შეეხება გურიის გუბერნატორს, სწორედ ის უწევდა ორგანიზებას ფოთში, წამების კადრების სკოლის მოსწავლეებისთვის ჩვენებას. ჩვენ ამის შესახებ პრემიერს ინფორმაცია მივაწოდეთ, როცა მთავრობას ამტკიცებდნენ, რაზეც გვიპასუხა რომ შეისწავლიდა ამ ფაქტს და თუ დადასტურდებოდა, შესაბამის ზომებს მიიღებდა, თუმცა გია სალუქვაძე ისევ რჩება პოზიციაზე. ასეთი სამარცხვინო გუბერნატორების არსებობის პირობებში მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ასეთი პირების გუნდში ყოლა", _ ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისში 10 თებერვალს გაკეთდა და ამ დრომდე კახეთის და გურიის გუბერნატორები კომენტარს არ აკეთებენ.
"არ ვაპირებთ "ნაცმოძრაობის" მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას" , – გვითხრეს კახეთის და გურიის გუბერნიის პრესსამსახურებში.
"გურია ნიუსი" ასევე დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის უფროსს, სოფო მოსიძეს. კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით არც მთავრობის პრესსამსახურში გააკეთეს.