პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს კობა გვენეტაძეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა კობა გვენეტაძემ კომიტეტს ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო.
კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საჭიროა, დედოლარიზაციის – ანუ ლარიზაციის პროცესის ხელშეწყობა. უნდა გაძლიერდეს საზოგადოების ნდობა ეროვნული ბანკის მიმართ, შენარჩუნდეს სტაბილური და დაბალი ინფალცია, მოხდეს ლარში გაცემული დენომინირებული სესხების ხელშეწყობა, მოხდეს ფინანსური ბაზრების განვითარება, გაუმჯობესდეს საკრედიტო ინფორმაციების სისტემები.
კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ უნდა გაძლიერდეს ასევე, კომუნიკაცია ეროვნული ბანკსა და საზოგადოებას შორის და ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია და განმარტებები მიაწოდოს მოსახლეობას.
აუცილებელია, გაძლიერდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები, მოსახლეობა უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და დაცული მოულოდნელი ფინანსური რისკებისაგან, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ფინანსური ინსიტუტებისა და კომერციული ბანკების ინტერესების ხარჯზე, რადგან გამართული ფინანსური სექტორის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელიც საკომიტეტო განხილვას ესწრებოდა, მადლობა გადაუხადა კომიტეტს საკითხის პროფესიონალური განხილვისა და მხარდაჭერისთვის.
"ვფიქრობ, რომ კომიტეტის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა ეს არის ნიშანი და საკითხისადმი პროფესიული მიდგომის ხაზგასმა, ვინაიდან კობა გვენეტაძე სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად წარუდგინა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს. კანდიდატის შერჩევისას იყო ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორიცაა: განათლება, კვალიფიკაცია და პოლიტიკისგან თავისუფლება – აპოლიტიკურობა. ეს იყო სწორედ ის, რასაც დღეს კომიტეტმა დაუჭირა მხარი", _ განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.