თიბისი ბანკის პროექტის, "წერე ქართულად" ფარგლებში დაინტერესებული პირები კომპიუტერისა და ელექტრონული მოწყობილობებისთვის ფონტების შექმნას შეისწავლიან.
პროექტს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ლაბორატორია, "ჯეოლაბი" და თიბისი ბანკი, კომპანია Monotype Imaging-ის მხარდაჭერით ახორციელებენ და მისი მიზანია ქართველი დიზაინერების ფონტების გაციფრულებაში მომზადება.
ფონტების ინჟინერიის შემსწავლელი კურსები რვა ლექციისაგან შედგება. 2 თვის განმავლობაში, დაინტერესებული პირები შრიფტის აგებისა და მისი ტექნიკური დამუშავების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ. მასტერკლასებს მსოფლიოში წამყვანი კომპანიის Monotype-ის ფონტების ინჟინრები იან კარვატი, ფილიპ ბლეზეკი და ამავე კომპანიის ქართველი კონსულტანტ-დიზაინერი აკაკი რაზმაძე ჩაატარებენ.
მასტერკლასების დასრულების შემდეგ, კურსის მონაწილეები "წერე ქართულად" პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონკურსში გამარჯვებული შრიფტებისათვის ფონტებს შექმნიან. ასევე მათ მიერ გაკეთებული ფონტები კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულების პროექტში იქნება გამოყენებული.
ფონტების ინჟინერიის კურსებზე დარეგისტრირება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო, 400-მდე შემოსული აპლიკაციის შედეგად 25 საუკეთესო აპლიკანტი შეირჩა. ისინი ფონტების ინჟინერიის შემსწავლელი კურსების ფარგლებში, ახალ უნარებს დაეუფლებიან.
(R)