საბერძნეთი ევროკავშირისგან ზეწოლას განიცდის, რომ ევროპაში ყოველდღიურად ათასობით მიგრანტის შემოსვლა შეწყდეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თუმცა, ევროკავშირის სამიტის თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის განცხადებით, შენგენის ზონიდან საბერძნეთის გარიცხვა მიგრანტების კრიზისისგან წარმოქმნილ პრობლემებს ვერ გადაჭრის.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა საბერძნეთს საზღვრების კონტროლის გასამკაცრებლად სამი თვის ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შენგენის ზონიდან გარიცხავენ.
გარდა ამისა, საბერძნეთის კუნძულებიდან მიგრანტების შემოდინების შესაჩერებლად ძალისხმევას ნატო-ს გემებიც შეუერთდნენ, ხოლო მიგრანტების რეგისტრაციისთვის ლესბოსის, ჩიოსის, ლეროსისა და სამოსის კუნძულებზე ოთხი ახალი ცენტრი გაიხსნება.
მაუწყებლის ინფორმაციით, ევროპის შეშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ პარიზზე თავდამსხმელები საბერძნეთში იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს საბერძნეთიდან 850 000-ზე მეტი მიგრანტი ევროპაში შემოვიდა.