გურიაში უამრავი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს. მოქალაქეები თავიანთი გასაჭირის მოსათხრობად ხელსუფლების პირველ პირებთან მიდიან. ერთ-ერთი ასეთი დღე ოთხშაბათი, გურიის გუბერნატორთან მოქალაქეთა შეხვედრის დღეა. დღეს რამდენიმე მოქალაქე გუბერნიაში იყო შეკრებილი, მათგან უმეტესობა თვალზე ცრემლმორეული ელოდა გუბერნატორთან შეხვედრას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრები ზოია კარპოვა "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ პრობლემა ბანკთან ურთიერთობისას შეექმნა:
"ვიმყოფები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, დახმარება მჭირდება. კანონი ყველასთვის უნდა იყოს, მაგრამ ასე არ ჩანს. ბანკში განვადება მქონდა საყოფაცხოვრებო ნივთზე, 75 ლარს ვიხდიდი თვეში. ვერ გადავიხადე და წამართვეს პენსია, ახლა შეჩერებული მაქვს, დავრჩი მშიერი, ცუდ დღეში ვარ."
ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები ციალა ლომთათიძე გუბერნატორს ერთჯერადი დახმარების გაწევას თხოვს:
"ვცხოვრობ სოფელ შემოქმედის გადასხვევზე, თავისუფლების ქუჩაზე. შარშან დამეხმარნენ, წელს პირველად ვარ, 84 წლის მოხუცი ვარ, მარტოხელა, შვილი თურქეთში მყავს გადახვეწილი, გადაკარგულია სამი წელია და თვალად არ მინახია. აქ სამსახური ვერ ნახა და რა ექნა?
ულუკმაპუროდ ვარ დარჩენილი. გამოვიტანე კრედიტი წინასწარ, 5 თვის პენსია და შეშა ვიყიდე, ახლა კი ვარ მშიერი, ვერც წამლებს ვეღარ ვყიდულობ, მაღაზიის ნისიამ მომკლა, იქედან გამომაქვს პური ნისიად, ყველას უჭირს დღეს, იქნება დამეხმარონ. მშიერი ვარ ბებო."
აცანაში მცხოვრები ელიზა კვაჭანტირაძე საცხოვრებელ სახლს ითხოვს:
"მრავალსულიანი ოჯახი ვართ, პატარა ბავშვებით სხვის სახლში შეხიზნული, თავშესაფარს ვითხოვთ, ერთი მცირეწლოვანი წლის და 5 თვისაა, სად წავიდეთ? უკვე სამი წელია ასეთ მდგომარეობაში ვართ და დახმარებას ვითხოვთ, ყურადღებას არავინ არ გვაქცევს."
ქალაქ ოზურგეთში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრები ნაზი ხაბეიშვილი:
"ოჯახში მოხუცებულები ვართ, რძალი ავად მყავს, შეუძლოდაა. სამი წელია მატყუებენ, სოციალური დახმარება არ მაქვს, დამეხმარონ თუ შეუძლიათ, ძალიან გვიჭირს, ერთჯერად დახმარებას ვითხოვ."
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ოთხშაბათი, მიღების დღე მისთვის ყველაზე მძიმე დღეა.
"მოდიან მოქლაქეები და თავიან გაჭირვებაზე ყვებიან, ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად სოლიდარული ვარ მათთან, რაც შეგვიძლია, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. მაგალითად ადამიანი აშკარად ეკომიგრანტია, მას სოფელ აცანაში საცხოვრებელი სახლი დაენგრა. აუცილებლად დავაყენებთ საკითხს გეოლოგიური დასკვნის შემდგომ, მისთვის საცხოვრისის შესყიდვასთან დაკავშირებით. ასევე ჩემთან შეხვედრაზე იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც ერთჯერადი დახმარებები ითხოვეს, ჩვენ ამ შემთხვევაში ასევე კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტებში ვაგზავნით."- ამბობს გია სალუქვაძე.








































































