“გურია ნიუსის” ინფორმაციით, აღდგომის დღეებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, დაბა ლაითურში, ანასეულშსა და ჯუმათში დაიწვა ქარსაფარი ზოლები. ჩვენი წყაროს თქმით, ეს იყო განზრახ ჩადენილი ქმედება _ წვავენ ჩაის გავერანებულ ფართობებს.
როგორც “გურია ნიუსს” უთხრეს, ლაითურში ქარსაფარ ზოლში დაიწვა 120 ძირი ნაძვი, ნასაკირალშიც დიდი რაოდენობის ზარალია, ჯუმათსა და და ანასეულში 15 ძირი ნაძვი დაიწვა. თუ ასე გაგრძელდა, ბუნებას სერიოზული საფრთხე დაემუქრება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის რწმუნებული, ტარიელ ანთაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ აღდგომის წინა ღამით, გაველურებულ ჩაის პლანტაციებს წაუკიდეს ცეცხლი. ეს იყო, დაახლოებით, 3 ჰექტარი ფართობი, დამწვარია ნაძვებიც, რაზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის რწმუნებული, გულადი ჩაგანავა “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ იყო ხანძარი, თუმცა, დროულად ჩააქრეს.
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის უფროსმა, ნიკო ნოზაძემ “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. საინტერესოა, არის თუ არა საქმის კურსში აღნიშნული სამსახური და რა ევალება მას ამ შემთხვევაში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი კომენტარი არ გააკეთეს და გვითხრეს, რომ ოფიციალური წერილით მიგვემართა!