21 თებერვალს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგა განახლდა. მე-18 ტურის მატჩები კვირას გაიმართა. ლიდერმა, ცხინვალის „ლიახვმა“ „მერცხალს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლის ავტორი საბა ლომია გახდა. ცხინვალელები 43 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ გათამაშებას და უმაღლეს ლიგაში აღზევების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლებიან. ოზურგეთის "მერცხალმა" კი დასახული ამოცანა კიდევ უფრო გაირთულა, მეორე წრის პირველი ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილის ბოლო ადგილზე დარჩა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "ოდიში 1919"-მა, გადარჩენის კიდევ ერთმა მსურველმა "ბორჯომი" დაამარცხა და სახიფათო ზონას დაშორდა. “ქართლის” სტადიონზე გამართულ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი დაესწრო.
მე-18 ტურის ყველა მატჩი: კოლხეთი ხ – იმერეთი 0-1, ოდიში 1919 – ბორჯომი 3-1, ლიახვი – მერცხალი 1-0, რუსთავი – ბეთლემი 1-2, ჭიათურა – მეშახტე 0-0, სამგურალი – სამეგრელო 6-1, მაჭახელა – სქური 1-0, ალგეთი – გაგრა 0-3, ვიტ-ჯორჯია – ჩხერიმელა 1-0.