პარტია " ქართული ოცნება" , 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ბოლო თვეებია აქტიურად განაგრძობს მუშაობას პარტიის გაძლიერებაზე და სტრუქტურულ ჩამოყალიბებაზე.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ -მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საოლქო ორგანიზაციების კონფერენციას 25 თებერვალს ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში გახსნის.
კონფერენციაზე აირჩევენ პარტიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბიუროს წევრებს და ყრილობის დელეგატებს.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე კვლავ დავით დარჩია გახდება,. ის თავისთავად დაიკავებს ბიუროს ხელმძღვანელის პოსტსაც.
დარჩია ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა, ამავე დროს, წლების განმავლობაში პარტია "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
ჯერჯერობით, ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში არ არიან ჩამოყალიბებული, ვინ იქნება ბიუროს ხუთკაციან შემადგენლობაში, აქედან ცნობილია მხოლოდ ორის ვინაობა, დავით დარჩია და გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი.
აღნიშული ინფორმაცია, ჩვენთან საუბრის დროს, დავით დარჩიამ დაადასტურა.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, პარტიის აღმასრულებელ მდივნად ეკატერინე აბაშმაძე დაინიშნება.