საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გასულ წელს სკოლების ავტორიზაციის პროცესი კერძო სკოლებით დაიწყო. საჯარო სკოლებს კი სწავლების უფლება 2015 წლამდე ავტომატურად მიენიჭათ.
ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამრევლო სკოლამ სამივე საფეხური წარმატებით გაიარა და სასწავლო პროცესის მართვის უფლება 5 წლით მოიპოვა: _ სკოლას საკმაო გამოცდილება დაუგროვდა არსებობის 16 წლის განმავლობაში და წარმატებით შეასრულა ყველა მოთხოვნა, რომელსაც ავტორიზაციის საბჭო უყენებდა. მოთხოვნები კი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო _ სკოლაში უნდა მიმდინარეობდეს მაღალი ხარისხის სასწავლო პროცესი, დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები, გააჩნდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც მოიცავს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებს, კომპიუტერულ ცენტრს, ბიბლიოთეკას, კეთილმოწყობილ საკლასო ოთახებს, გვითხრა სკოლის დირექტორმა, ლევან გიორგაძემ, _ გასულ წელს აშენდა სპორტული დარბაზი, საშხაპეებითა და გასახდელებით, რომლებიც მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს. სკოლაში მოეწყო კომპიუტერული ცენტრი, დაყენდა ვიდეოუსაფრთხოების სისტემა.
სამდღიანი ვიზიტის შემდეგ, სამინისტროს სამუშაო ჯგუფმა შეადგინა დასკვნა, რომლის საფუძველზე გაიმართა საბჭოს სხდომა. სკოლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მას მიენიჭა ავტორიზაცია.
_ გასული წლების განმავლობაში თავდადებით ვშრომობდით, რომ დღევანდელი შედეგისთვის მიგვეღწია. ჩვენი სკოლა, უპირველეს ყოვლისა, დაცულობით გამოირჩევა. ეს მაშინაც უზრუნველყოფილი იყო, სანამ ვიდეოთვალს დავამონტაჟებდით, _ ამბობს გიორგაძე.
აღსანიშნავია, რომ გურიის რეგიონიდან მხოლოდ ორმა სკოლამ _ ლანჩხუთის და ჩოხატაურის სამრევლო სკოლებმა გაიარეს ავტორიზაცია.