"მამუკა ახვლედიანის ბოლო დროს გააქტიურებასთან დაკავშირებით შესაძლოა, ჩემი მოსაზრება მქონდეს, მაგრამ მსურს, ჩემს გამოხატვებში ძალიან ეთიკური და შეზღუდული ვიყო", _ ამის შესახებ გადაცემა 2030-ში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განაცხადა.
მისივე თქით, ფაქტების არსებობის შემთხვევაშიც კი, თავშეკავებული იქნებოდა, რადგან ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა:
"მამუკა ახვლედიანმა, იმის ნაცვლად, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასამართლოში არსებული პრობლემები მოეგვარებინა, ურთიერთობის სხვა ფორმა არჩია – საჯაროდ გამოიტანა დაუკონკრეტებელი ფაქტები და არასწორი ეპითეტებით, ალბათ, მისდაუნებურად, თავისი კოლეგები შეურაცხყო, როცა სისტემებში რაღაც დაჯგუფებებში გააერთიანა.
ეს მისი არჩევანია. ახვლედიანი უუნარო მენეჯერია. ეს არა მარტო საბჭოს წევრების და მათ შორის, ჩემი, არამედ მისი კოლეგების შეფასებაა. საქალაქო სასამართლოში შეხვედრისას, მოსამართლეების მხრიდან მის მიმართ კრიტიკა და მოთხოვნები დაფიქსირდა“, _ აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
რაც შეეხება იუსტიციის საბჭოში გაცემულ დიდი ოდენობით პრემიებს, როგორც ნინო გვენეტაძემ განმარტა, იუსტიციის სამინისტროში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
"სახელფასო და საპრემიო დანამატის გაცემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და აპარატის სამსახურის უფლებაა. დარწმუნებული ვარ, დანამატები კანონით დადგენილი წესით გაიცა. არ იქნება ინდივიდუალური მიდგომები და საგამონაკლისო შემთხვევები. დანამატების მიღების უფლება საბჭოს წევრებს გააჩნდათ“, _ აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
მისივე აზრით, თუ საბჭო ქმედითი, ეფექტური და გამჭვირვალე იქნება, ასეთივე იქნება საერთო სასამართლოებიც.
"სასამართლო ხელისუფლებაში პრობლემები არსებობს და ბუნებრივია, მეც მაქვს. საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებას შეჯერება სჭირდება, რაც დიდი შრომით მიიღწევა.
ჩვენ კრიტიკისთვის მზად ვართ. თუმცა, სასამართლო ხელისუფლებისადმი ზღვარგადასული შეურაცხყოფა და კოლეგების მუდმივად უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს რისკის ქვეშ აყენებს", _აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.