ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა 22 მარტს კუბას ეწვევა. ობამა ჰავანაში ამერიკული „ტამპა ბეი რეიზის“ და კუბის ნაკრების ბეისბოლის მატჩს დაესწრება.
ეს ინფორმაცია ობამამ თავის „ტვიტერზე“დაადასტურა.
მანამდე ცნობილი იყო, რომ აშშ-ს პრეზიდენტი კუბას მარტის ბოლოს ეწვეოდა. „შემდეგ თვეში კუბას ვეწვევი, რათა ის პროგრესი და ძალისხმევა განვავითაროთ, რაც კუბელი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას დაეხმარება“ – წერდა ობამა.
„აშშ-ს მეთაური კუბის ხელისუფლების და ხალხისთვის სასურველი სტუმარი იქნება. მას კუბისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით მივიღებთ“ – განაცხადა აშშ-ში კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს განყოფილების ხელმძღვანელმა ხოზეფინა ვიდალმა.
1928 წელს კელვინ კულიჯის ვიზიტის შემდეგ, ეს კუბაში აშშ-ს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება. აშშ-ს პრეზიდენტის შემდეგ, კუბას „Rolling Stones“-ი ესტუმრება. ლეგენდარული როკ-ჯგუფის კონცერტი 25 მარტს, ჰავანაში გაიმართება.