საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ხელი მოაწერა "სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ" განკარგულებას. მედიისათვის გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, სულ შეწყალებულია 155 მსჯავრდებული, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან.
"საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი, რომლის შესაბამისად შეწყალებულია 155 მსჯავრდებული, რომელთაგან 105 პირი, მათ შორის 8 ქალბატონი საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლებულია და ისინი დღეს დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას. 50 მსჯავრდებულის, მათ შორის ერთი არასრულწლოვანის და ერთი ქალბატონის სასჯელი კი შემცირებულია სხვადასხვა ფორმით.
ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო შეწყალების საქმეთა კომისიის 21-23 თებერვლის სხდომის შედეგად ჩამოყალიბებული რეკომენდაციების საფუძველზე. ამ სხდომაზე კომისიამ განიხილა 1178 პირის საქმე და დადებითი რეკომენდაციები წარუდგინა პრეზიდენტს", – განაცხადა ზვიად ქორიძემ.