საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავს და განახორციელებს.
პრემიერმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბახმაროს მსგავსი კურორტების პოტენციალის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.
სპეციალური ჯგუფის შექმნამდე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ბახმაროში, ზღვის დონიდან 2250 მეტრზე მედია ტური მოაწყო.
ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო თვისებების მქონე კურორტზე, რომელსაც დამსვენებელი მხოლოდ ზაფხულში სტუმრობს, ჟურნალისტები ზამთარში პირველად ავიდნენ.
გზის ნახევარი ავტომანქანით, ნახევარი მარხილით და რამდენიმე კილომეტრი ფეხით _ ეს ყველაფერი იმ სილამაზის სანახავად ნამდვილად ღირდა, რაც ბახმაროში დაგვხდა.
_ ბახმარომ ზამთარში პირველად უმასპინძლა ჟურნალისტებს და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ღირსეულად. ჩვენი აქ ყოფნა იმის დასტურია, რომ ბახმაროს აქვს პოტენციალი ზამთრის კურორტიც გახდეს, გამომდინარე იქიდან, რომ კურორტზე ნოემბრიდან მაისამდე თოვლია._ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ.
ბახმაროში სილამაზის და თოვლის გარდა ბევრი პრობლემა დაგვხდა. წაქცეული ელექტროგადამცემი ბოძები და დაწყვეტილი ხაზები, თოვლისგან დაზიანებული სახლები, ხეები, ხიდი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია _ დაავადებული ნაძვნარი, რომლის მოჭრის აუცილებლობაზე ექსპერტები დიდი ხანია საუბრობენ და რომელიც ახალამოსულ ხეებს აავადებს.