ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახალ შენობაში გადადის, რომელშიც ყოველთვიურად ქირას _ 75 ათას ამერიკულ დოლარს გადაიხდის.
უწყებამ თბილისში, ჭოველიძის ქუჩა 10-ში მდებარე შენობა შპს "ბიზნეს ცენტრი ბელინსკისგან" 2016 წლის ბოლომდე იქირავა.
ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნულ შენობაში მუშაობას აპრილიდან გააგრძელებს.
"შენობა, სადაც დროებით გადავდივართ, 7 500 კვ.მ-ია და ეს ფართი უსათუოდ გვჭირდებოდა სამინისტროსთვის. თქვენ გახსოვთ, რომ ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ჩვენი შენობა გასულ წელს აუქციონზე 6 მილიონ დოლარად გამოვიტანეთ და 9 მლნ 500 ათას დოლარად გავყიდეთ.
ობიექტურად უნდა ვთქვა და მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორს, რომელმაც ჩვენივე თხოვნით, გათვალისწინებულ ვადაზე 3 თვით მეტხანს გაგვაჩერა ამ შენობაში. ჭოველიძის ქუჩაზე ნაქირავებ შენობაში ეკონომიკის სამინისტრო 1 აპრილიდან გადავა", _ განაცხადა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სამომავლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება.