დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ და მერის მოადგილემ კობა დუნდუამ ყოფილი სამშობიაროს ახალგარემონტებული შენობა მოინახულეს, სადაც ახალ წელს ქალაქის მერიამ 51 უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა.
ქალაქის მერი ადგილზე გაეცნო ვითარებას და ყველა იმ ოჯახს გაესაუბრა, რომლებმაც საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოთქვეს.
,,დღეს დავათვალიერეთ ახალი საცხოვრებელი ფართები და მოხარული ვარ, რომ მობინადრეები კმაყოფილნი არიან. თუმცა რამდენიმე ბინასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, რაც გამოწვეულია იმით, რომ რამდენიმე მობინადრე ჯერ არ გადასულა ბინაში. მათი საცხოვრებელი ფართი უყურადღებოდ იყო მიტოვებული. ზოგან ფანჯარა ღია იყო დატოვებული, რის გამოც წვიმის დროს იატაკი დაზიანდა.
ქალაქის მერიის მთავარი ამოცანა უსახლკაროთათთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და მათთვის პირობების შექმნა გახლდათ. რაც შეეხება თავშესაფარში ამჟამად შექმნილ საყოფაცხოვრებო პრობლემებს, ჩვენ მივმართეთ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელსაც ხელშეკრულების თანახმად, ევალება არსებობის შემთხვევაში, ყველა ის ხარვეზი გამოასწოროს, რომელიც ორი წლის მანძილზე შეიქმნება.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრობლემები შემსრულებელი კომპანიის მხრიდან არ წარმოქნილა, ხარვეზები ახლო მომავალში აღმოიფხვრება. “- განაცხადა ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ.
თავშესაფრში მცხოვრები,მაყვალა ბურკაძე: ,, ძალიან გაგვიხარდა, რომ დღეს ქალაქის მერმა თავად მოგვინახულა და თითოეულ ჩვენთაგანს გაესაუბრა. კმაყოფილები ვართ ახალი საცხოვრებელი პირობებით და იმ კომფორტით, რაც აქ ჩვენთვის შეიქმნა. წლების მანძილზე საშინელ მდგომარეობაში ვცხოვრობდით და დღეს ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ქალაქის მერი ადგილზე მოდის, გვგულშემატკივრობს და თავად ეცნობა ჩვენს მდგომარეობას.’’
(R)