საბურთალოს რაიონის გამგეობა განცხდებას ავრცელებს და მოსახლეობას აცნობებს, რომ დიდ დიღომში დაზიანებულ წყალსადენზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და წყლის მიწოდება დღის მეორე ნახევარში აღდგება.
"საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომში, მელიქ სურხავის ქუჩაზე ცენტრალური წყალდენის დაზიანების შესახებ ქალაქ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 3 მარტს, 07:00 საათზე შევიდა. ინფორმაცია ავარიის თაობაზე პარალელურად გადაეცა კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" ცხელ ხაზს, საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს.
ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე წუთში საბურთალოს რაიონის გამგეობის საუბნო განყოფილების ხელმძღვანელი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ სასმელი წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი დაზიანების აღმოფხვრაზე სრულად არის პასუხისმგებელი კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“. საბურთალოს რაიონის გამგეობა დაზიანების აღმოფხვრის პროცესს დააკვირდება და მისი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენს.
შემთხვევის ადგილზე მუშაობა მიმდინარეობს. კომპანია "ჯივიპის" ინფორმაციით, დაზიანებული მილის შეკეთდება და წყლის მიწოდება თბილისის რამდენიმე უბანს ეტაპობრივად, 16:00 საათის შემდეგ აღუდგება."-ნათქვამია განცხადებაში.