"თავდაცვის მინისტრი, პირველ რიგში მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა," _ ასე შეაფასა საქართველოს მთავრობის მეთაურმა თინა ხიდაშელის და გოგი თოფაძის დაპირისპირება, რომელიც მედიის საშუალებით დიდი ხანია გრძელდება.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უზრუნვეყოფილი იქნას ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება. დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართულნი.
საქართველოს მომავლისთვის უცხო და მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები, რადიკალიზმი და მარგინალური ფსევდოტრადიციები.
„ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ეროვნულ თვითმყოფადობაზე დაფუძნებით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს უზრუნველყოფს. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა უდიდესი ცვლილებები 2012 წელს, უფსკრულისკენ მიმავალი ქვეყანა დააბრუნა ისტორიული განვითარების გზაზე," _ აღნიშნულია პრემიერის საგანგებო განცხადებაში, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გაავრცელა.
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებამ გაურკვევლობა გამოიწვია. "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები დღეს პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავენ:
"შეხვედრა შედგება დღესვე და ამისთვის ბათუმიდან თბილისში მივდივარ. შეხვედრას დაესწრებიან პარტიის უფლებამოსილი პირები. პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ შეიქმნა გაურკვევლობა.
ამ გაურკვევლობაში სიცხადის შესატანად "რესპუბლიკელების" წინადადებით პრემიერი გვხვდება. შეხვედრაზე საუბარი იქნება იმ შეკითხვებზე, რომელიც დაგროვდა", _ აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
აღნიშნულ შეხვედრამდე "რესპუბლიკური პარტიის" სხვა ლიდერები კომენტარებს არ აკეთებენ. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ისინი მიიჩნევენ, რომ კვირიკაშვილის განცხადება აუცილებელი და დროული იყო:
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გია ვოლსკის თქმით, "პრემიერ-მინისტრის განცხადება რეალურად მითითებაა":
_ ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრის გამონათქვამი ჩემს ხედვასთან სრულ თანხვედრაშია. თუკი ეს ხელს უშლის სისტემის განვითარებას, მიღებული უნდა იყოს გადაწყვეტილებებიც, მაგრამ, მეორეს მხრივ, არ დაგვავიწყდეს პრემიერ-მინისტრის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ კოალიციისთვის მიუღებელია ძველი, არქაული საბჭოთა სისტემიდან წამოსული რაღაც სტალინისტური მოსაზრებები.
სახელმწიფოს იდეოლოგიური მიმართულებები ლაგდება არა მხოლოდ შიდა განწყობით, რაც კოალიციის წევრებს გააჩნიათ, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ძირითადად მიმართულებებში დაპირისპირება და კითხვების გაჩენა, პირველ რიგში, ქვეყნისთვის არის ცუდი.
ყველა სირთულე იქნება გადალახული, თუკი ერთობა იქნება. პრემიერმა ზუსტად დაუსვა დიაგნოზი პოლიტიკურ პროცესს, რომელმაც ბოლო პერიოდში მედიასივრცე დაიპყრო – გარკვეულმა, აბსოლუტურად მიუღებელმა კამათებმა გინდაც ერთ-ერთი ფრაქციის, თუ პარტიის ლიდერის მხრიდან და გინდაც მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი მინისტრის მხრიდან.
ვფიქრობ, ამ პირადულს ხაზი უნდა გადავუსვათ და დავუბრუნდეთ იმ მწყობრ სტრატეგიას, რომელიც "ქართულ ოცნებას" ყოველთვის გააჩნდა", _ აღნიშნა ვოლქსკიმ სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, "ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რას ემსახურება პირველ რიგში _ არა პირად და პარტიულ ინტერესს, არამედ კოალიციურ ხედვას იმ სტატეგიასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას გააჩნია".
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას თქმით, "ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანია უსწრაფესად იყოს ყურადმიღებული პრემიერის ეს მოწოდება და დასრულდეს ნებისმიერი საჯარო დებატი ამ საკითხზე, მოხდეს კოალიციის შიგნით ყველა განსახვავებული პოზიციის შეჯერება."
_ ბუნებრივია, საკითხების გადაწყვეტა ასეთ ფორმატში ვნებს საერთო ინტერესებს. სრულიად დაუშვებელია, როცა ეს ხდება ისეთ უწყებაში, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების კუთხით არის უმნიშვნელოვანესი და ეს ფონი ზოგადად დამაზიანებელი შეიძლება იყოს საერთო ინტერესებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უსწრაფესად დასრულდეს ეს გარე დისკუსიები, დებატები ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის, _ აღნიშნა ბესელიამ.
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ პრემიერი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ უნდა მოერიდოს:
"პრემიერმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განაცხადა, რომ ვითარების შესაბამისად იმოქმედებს და ცხადია, ეს ნამდვილად ასე უნდა იყოს. როცა პრემიერი საჭიროდ ჩათვლის, გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს და ის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ უნდა მოერიდოს.
პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომელსაც ვითარება უკარნახებს და ეს გადაწყვეტილები იქნება მთავრობის ერთიანი კურსის განხორციელებისთვის საჭირო, _ ამბობს ჟორჟოლიანი.
პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით "პრემიერის განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ დაპირისპირება კი არ გაღრმავდეს, არამედ წერტილი დაესვას და კოალიცია, მისი წევრები, როგორც მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრები ორინტირებული იყვნენ საქმეების კეთებაზე."