"ნაციონალური მოძრაობის" ერთი-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ საგანგებო განცხადების პასუხად აცხადებს, რომ კვირიკაშვილი ღარიბაშვილზე უფრო ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ საქმე არც მაშინ კეთდებოდა და არც ახლა მიდის წინ.
მაჭავარიანის თქმით, ყველაზე სამწუხარო და ნიშანდობლივია ის, რომ დაახლოებით, ორკვირიანი პინგ-პონგი და ერთმანეთზე საუბარი მიმდინარეობდა, რითაც გამოჩნდა, რომ "ქართულ ოცნებას" საერთოდ არ აინტერესებს ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაშია – გაჭირვება, უმუშევრობა, უფულობა, ლარის გაუფასურება.
"ამ კოალიციაში მთავარ თემებად გახდა ეს დაპირისპირება, რომელშიც ყველა მეთოდს იყენებენ – დაწყებული იმით, ვინ რა დააშავა არჩევნებზე და დამთავრებული, ვის რა მსოფლმხედველობა აქვს და ვის მოსწონს სტალინი. ეს ხალხი იმაზე კი არ ლაპარაკობს, როგორ გამოჯანმრთელდეს ქვეყანაში სიტუაცია, "ქართული ოცნების" მთელი ენერგია მიმართულია იმაზე, რომ დააშოშმინონ ერთ მხარეს "მრწეველები" და თოფაძე და მეორე მხარეს, "რესპუბლიკელები" და ხიდაშელი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხის პრობლემები ამ კოალიციაში საერთოდ არავის აწუხებს.
კვირიკაშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში საქმე კარგად წავიდეს, ეკონომიკა გაჯანსაღდეს, თორემ მხოლოდ საუბარი, რომ ააგუგუნებენ ქვეყნას, რომ რამეს შველოდეს, ბევრი მაგაზე მაგარი მოლაპარაკე ვიცი, ვინც ახლა საქართველოშია დარჩენილი.
ეს ყველაფერი ლამაზი საუბარია, ღარიბაშვილი ძალიან აგრესიულად ლაპარაკობდა და ამით ძალიან ბევრი ზიანი მიაყენა ქვეყანას. გიორგი კვირიკაშვილი ლაპარაკობს უფრო ლამაზად, მაგრამ საქმე არც მაშინ კეთდებოდა და არც ახლა მიდის წინ", – განაცხადა მაჭავარიანმა.