შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ალექსანდრე ს. თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ალექსანდრე ს-ს პირადი ჩხრეკისას "მაკაროვის" სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით) მიმდინარეობს.