გასულ კვირას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში, შაქრო ზაქარეიშვილის ოჯახი დააყაჩაღეს. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ოჯახში იმ დროს შეიჭრნენ, რომ ოჯახის უფროსს სტუმრები ჰყავდა.
ყაჩაღები 5 000 ლარს ითხოვდნენ: _ ვიცით, რომ ავტომანქანის შეძენა გინდა და ფული გაქვს, მოგვეცი 5 000 ლარი და წავალთო, _ ასეთი ყოფილა ყაჩაღების მოთხოვნა.
თუმცა, საბოლოოდ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მათ ოჯახიდან მხოლოდ სამასი ლარის წამოღება მოახერხეს და ოჯახის უფროსს, სტუმრის უცხოური ფირმის ავტომანქანით თავი ტყემდე მიაყვანინეს.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სამართალდამცავები ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, როგორც პირადი საუბრისას გვითხრეს, გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ყაჩაღები სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ.