ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ლელა ნაცვალაძის მორიგი პრესკონფერენცია, უმეტეს წილად, “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისის ახალდანიშნულ ხელმძღვანელს, კოტე შარაშენიძეს მიეძღვნა. ნაცვალაძის განცხადებით, შარაშენიძის სახით, ოზურგეთში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფილიალი გაიხსნა. თავად კოტე შარაშენიძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ახლა მათ საქმე აქვთ გასაკეთებელი და ნაცვალაძის გამოსვლა “ბოდვად” მონათლა.
ლელა ნაცვალაძე: _ მოსახლეობას პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით იმედი ჩაესახა, იმედგაცრუების შემდეგ მხსნელი დაინახეს მასში. ამას მოწმობს ისიც, რომ ძალიან ბევრი ხელმოწერა გაკეთდა მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით. ძალიან დიდხანს ვეცადე, თავი შემეკავებინა პრესკონფერენციის ჩატარებისგან, მაგრამ ეს არის დაჟინებული მოთხოვნა _ ოზურგეთის საზოგადოება აგროვებს ხელმოწერას, პროტესტი გამოხატოს დანიშნულ კანდიდატზე. 500 ხელმოწერა უკვე არის, კოტე შარაშენიძეზე ვსაუბრობ. არ მაქვს უფლება, როგორც დეპუტატ ლელა ნაცვალაძეს, თვალი დავხუჭო იმაზე, რაც ჩემს ამომრჩეველს აინტერესებს, გუშინდელ გამოჩეკილ “ბარტყებს”, ვითომ ოპოზიციონერობა ვათამაშო და ამის უფლება მივცე. კოალიციას ხელმძღვანელობს პირდაპირ ხელისუფლებიდან ხელდასმული კანდიდატი _ კოტე შარაშენიძე; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ნაციონალური მოძრაობის ფილიალი. მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის ეს. ერთხელაც არ შევსულვარ “ქართული ოცნების” ოფისში, მაგრამ ინფორმაცია გვაქვს, რომ ცნობილი იგავ-არაკს ჰგავს იქაური სიტუაცია _ “ლებედ, რაკ და შუკა”. ეს არ არის ოპოზიციონერისგან ოპოზიციონერის ლანძღვა, ეს არის გულისტკივილი იმ ფაქტების გამო, რაც ძალიან ცუდ საქმე გაუკეთებს ოზურგეთელებს და ეს არ მინდა.
ლელა ნაცვალაძის თქმით, კოტე შარაშენიძე დირექტივებს ლელა თავართქილაძისგან და რამაზ ნიკოლაიშვილისგან იღებს: _ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ დანიშვნიდან და დანიშვნის შემდეგ, ლელა თავართქილაძის სახლში იხილებოდა ყველაფერი. ამის შესახებ რამდენიმე ადამიანმა იცის, უბრალოდ, მათ სახელს და გვარს ვერ დავასახელებ, რადგან მათ ეს არ სურთ, _ თქვა ნაცვალაძემ.
კოტე შარაშენიძე ამ ყველაფერს ლელა ნაცვალაძის ბოდვებს უწოდებს: _ კოალიციის მუშაობა დაანახებს ქალბატონ ლელას და სხვას, როგორ წარიმართება საქმე. ბევრი გეგმა გვაქვს, ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. რამაზ ნიკოლაიშვილს არ ვიცნობ, ტელევიზიით მყავს ნანახი. ლელა ნაცვალაძეს რა ხედვები აქვს, მე მაგის შესახებ ვერ ვისაუბრებ. სჯობს, საკუთარ პოლიტიკურ წარსულს გადახედოს, რამდენი პოლიტიკური პარტია გამოიცვალა. ლელა თავართქილაძე, რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარია, ოჯახებიდან მოდის ეს ურთიერთობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ამ პოლიტიკურ სიტუაციებში რაღაც ურთიერთობა გვქონდეს.
რამაზ ნიკოლაიშვილის მიდგომებს რაიონის საკითხებში ძალიან უარყოფითად ვაფასებ. ის კაცი საქმიანი, აქტიური პიროვნებაა, მაგრამ ჩვენს რაიონის ცხოვრებაში ძალიან ცუდად ერევა. რატომ უნდა იყოს რამაზ ნიკოლაიშვილის სამართავი გურია? _ გვითხრა კოტე შარაშენიძემ.