ლექტორების საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის პროფესორ დიანა ძიძიგურის განცხადებით, რაც უფრო გახანგრძლივდება ქაოსი უნივერსიტეტში, დიდია ალბათობა, რომ რექტორი გადადგეს. ამის შესახებ ძიძიგურმა ჟურნალისტებს "აუდიტორია 115"-ის წევრებთან შეხვედრის მერე განუცხადა.
ლექტორების ჯგუფი "აუდიტორია 115"-ის წევრებს მეორედ შეხვდნენ და მათ კვლავ დიალოგის რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდეს.
"გარედან არის ძალიან ბევრი პროვოკაცია. გაუთავებელი ინფორმაცია, რომ მოდიან სხვადსხვა უნივერსიტეტებიდან, ქაოსს ქმნის. მოვუწოდებ სტუდენტებს და აკადემიურ საბჭოს, რომ ცოტა ხნით თავი დაანებონ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს და მოგვცენ საშუალება, რომ პრობლემა ჩვენი ძალებით გადავჭრათ.
მესმის რომ მარტო ჩვენი უნივერსიტეტის პრობლემა არ არის თვითმმართველობის თემა და თუ ეს საყოველთაო პრობლემაა, მოვიდეს განათლების მინისტრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, დავსხდეთ ღია დიალოგის რეჟიმში და გავხადოთ ეს მსჯელობის საგანი. ამისთვის ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ.
ძალიან რთული სიტუაცია არის უნივერსიტეტში და რაც უფრო გახანგრძლივდება ეს ქაოსი, დიდია შანსი, გადადგეს რექტორი. თუ "აუდიოტორია 115"- ის წევრები მხარს უჭერენ რექტორის დარჩენას, ეს აქციები არ არის სწორი. აქ თუ ქაოსი იქნება, მოუწევს ბატონ პაპავას გადადგომა,"-აღნიშნა ძიძიგურმა და დასძინა, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს აღებული აქვს პასუხისმგებლობა და მზად არიან სტუდენტებთან დიალოგისთვის.
"შევთავაზეთ დიალოგი ორივე მხარეს – რომ არ იყოს ქაოსი, გამოყონ 5 ან 10 წარმომადგენელი, დავსხდეთ მათთან ერთად ან ცალ-ცალკე და გადავჭრათ ეს პრობლემები,"-განაცხადა ძიძიგურმა.