თსუ-ს 115-ე აუდიტორიის ერთ-ერთი წარმომადგენლის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, უნივერსიტეტში მოსალოდნელია პროვოკაციები.
როგორც კუპრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამართალდამცავები და დაცვის სამსახური შეთანხმებული არიან ერთმანეთთან, რომ მოხდეს დაპირისპირება სტუდენტებს შორის. ამას უკვე გამოიყენებენ იმისთვის რომ გადადგეს აკადემიური საბჭო, უნივერსიტეტის რექტორი და შემდეგ დააწესონ კონტროლი უნივერსიტეტზე.
"ჩვენ ახლა ვმსჯელობთ დავტოვოთ თუ არა უნივერსიტეტი, რომ თავიდან ავიცილოთ შელაპარაკებები. ამ საკითხზე ვსაუბრობდით წეღან, როდესაც პოლიციამ გარეთ გამათრია. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ვსაუბრობდი. სამართალდამცავები და დაცვის სამსახური შეთანხმებულია ერთმანეთთან რომ აქ მოხდეს დაპირისპირება სტუდენტებს შორის. ამას უკვე გამოიყენებენ იმისთვის რომ გადადგეს აკადემიური საბჭო, უნივერსიტეტის რექტორი და შემდეგ დააწესონ კონტროლი უნივერსიტეტზე. აქ მუშაობს სუსი უნივერსიტეტის წინააღმდეგ. ეს იქნება უნივერსიტეტის დამონების პირდაპირი საშუალება, იმის მოტივი რომ შემოვიდნენ უნივერსიტეტში და წინასაარჩევნოდ დაიკავონ სტრატეგიული ობიექტი, საიდანაც ხდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. ჩვენ ამას არ დავთმობთ და პროვოკაციას არ წამოვეგებით. შესაბამისად ჯგუფი ახლა მსჯელობს და მიიღებს გადაწყვეტილებას, დავრჩებით თუ არა 115 -ე აუდიტორიაში,"-განაცხადა კუპრაძემ.
მის ინფორმაციით, აკადემიურ საბჭოზე ხდება ზეწოლა, რომ დაიწყოს რექტორის იმპიჩმენტის საკითხი.
"ამას არ შევეგუებით. ეს არის უნივერსიტეტში სახელმწიფოს ჩარევა. ავტონომია უნივერსიტეტს!"- განაცხადა კუპრაძემ.
აკადემიური საბჭოს, უნვერსიტეტის რექტორისა და განათლების მინისტრის შეხვედრა განათლების სამინისტროში უკვე დასრულდა.