რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმის "9+1" ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადაღების პროცესი ისევ გრძელდება. უკვე ცნობილია, რომ შპს "ლე ხაინდრაო პროდაქშენმა" ფილმის გადაღების უფლება საიდუმლო კონტრაქტით მიიღო, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ამ დრომდე არ ასაჯაროებს.
"გურია ნიუსთან" ინტერვიუში კი, გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცეში მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო არ ყოფილა ჩართული. მისი ინფორმაციით, ნებართვა ასევე მიიღო მთავრობის ადმინისტრაციიდანაც.
"გურია ნიუსმა" მთავრობის ადმინისტრაციას კითხებით მიმართა:
-
1. როდის მოგმართათ რეჟისორ გოგა ხაინდრავამ ან მისმა კომპანიამ (შპს "ლე ხაინდრაო პროდაქშენმა") ფილმის "9+1" გადასაღებად ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციის გამოყენების თაობაზე? (მოუთითეთ კონკრეტული თარიღი)
-
აქვს თუ არა გაცემული ნებართვა გადასაღებ მოედნად საპრეზიდენტო რეზიდენციის გამოყენების თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციას?
-
როდის და რომელმა სამსახურმა (დეპარტამენტმა) გასცა ეს ნებართვა?
-
რის საფუძველზეა ნებართვა გაცემული?
-
რამდენი ხნით მიეცა რეჟისორს საპრეზიდენტო რეზიდენციის გამოყენების უფლება?
-
რა საფასურის სანაცვლოდ გადაეცა მას ათონელის რეზიდენცია?
თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციიდან საპასუხოდ მხოლოდ ის მივიღეთ, რომ მთავრობას არაერთხელ გაუცია ნებართვა სხვადასხვა შემოქმედებითი თუ სარეკლამო ჯგუფებისთვის გადაღებების ხელშეწყობის შესახებ და შპს "ლე ხაინდრაო პროდაქშენის" შემთხვევაშიც აღიშნული პრაქტიკით იხელმძღვანელა.
"შპს "ლე ხაინდრაო პროდაქშენმა" ათონელის #25-ში მდებარე შენობაში გადაღებების წარმოების ნებართვის მიღების თხოვნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" მიმართა. ეკონომიკის სამინისტრომ, აღნიშნული საკითხი, სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად, მთავრობის სხდომაზე გაიტანა. მთავრობას არაერთხელ გაუცია ნებართვა სხვადასხვა შემოქმედებითი თუ სარეკლამო ჯგუფებისთვის გადაღებების ხელშეწყობის შესახებ და შპს "ლე ხაინდრაო პროდაქშენის" შემთხვევაშიც აღიშნული პრაქტიკით იხელმძღვანელა", _ აღნიშულია მთავრობის ადმინისტრაციიდან" "გურია ნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში.
რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, "გურია ნიუსს" უწყებიდან ამ დრომდე არ უპასუხეს.
ამავე თემაზე:
ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გოგა ხაინდრავა ფილმს იღებს
რომელმა უწყებებმა გასცეს ხაინდრავას ფილმის ათონელის რეზიდენციაში გადაღების ნებართვა
ათონელის რეზიდენციის ფოტოგალერეა
შეშის ღუმელი 26-მილიონად გარემონტებული პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის ეზოში [ფოტოები]
"ფილმი იქნება პირუტყვული გამოვლინებების გარეშე, მაგრამ უმძიმესი კადრებით" _ გოგა ხაინდრავა