საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" გარდა ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში თანხების აკუმულირება ა(ა) ი პ-ებიდან – ვაჟთა საფეხბურთო და გოგონათა ექსპერიმენტალურ სარაგბო-საფეხბურთო სკოლებიდანაც მოხდება. საამისოდ კი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მორიგი ცვლილება უნდა განხორციელდეს, რაზეც საკრებულოს წევრებს 25 მარტისთვის ჩანიშნულ სხდომაზე მოუწევთ მხარდაჭერის გამოცხადება.
მიმდინარე წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის თანახმად, საფეხბურთო სკოლის დასაფინანსებლად 190 ათასი ლარია გათვალისწინებული, საიდანაც დღეის მდგომარეობით ასათვისებელი 169 083 ლარი დარჩა. რაც შეეხება გოგონათა სარაგბო-საფეხბურთო სკოლას, წელს მისი ბიუჯეტი 65 ათას ლარით განისაზღვრა, აქედან 54 829 ლარი აუთვისებელია. სწორედ ეს ნარჩენი თანხები უნდა მიიმართოს ამ ორი ა(ა)იპ-დან ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში.
რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ "გურიას" წილს ფეხბურთის განვითარების ფონდში, იგი 585 113 ლარით განისაზღვრა. მთლიანობაში კი ზემონახსენებ ციფრთა შეჯამებით, ლანჩხუთის ბიუჯეტიდან 809025 ლარის აკუმულირება უნდა მოხდეს ზემონახსენებ ფონდში.
ცნობისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი გასული წლის ბოლოს მთავრობის განკარგულების თანახმად დარეგისტრირდა და სწორედ მისი მეშვეობით მოხდება "გურიასთან" ერთად საფეხბურთო სკოლების დაფინანსება.