საქართველო ბედნიერების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს 156 ქვეყანას შორის 126-ე ადგილას გავიდა, – შესაბამისი ანგარიში გაერო-ს "მდგრადი განვითარების გადაწყვეტის ქსელმა" გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, 2015 წელთან შედარებით საქართველო ბედნიერების ინდექსის მიხედვით დაწინაურდა და პოზიცია 4 პუნქტით გაიუმჯობესა.
2016 წლის ბედნიერების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა კვლავ დანიაა. ამ მხრივ მეორე ადგილი შვეიცარიამ დაიკავა. ხუთეულში ასევე შევიდნენ ისლანდია, ნორვეგია და ფინეთი. ათეულში კი კანადა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი. რაც შეეხება აშშ-ის, იგი მე-13 პოზიციას იკავებს წელს, გერმანია კი მე-16-ს.
კვლევის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად ბედნიერი ქვეყანა ბურუნდი აღმოჩნდა, რომელიც მწვავე პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. მას მოჰყვება სირია, სადაც სამოქალაქო ომი უკვე ხუთი წელია მიმდინარეობს.
რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ყველა მათგანი ბედნიერების ინდექსის მიხედვით, საქართველოს რეიტინგში უსწრებს. კერძოდ, 2016 წლის კვლევის მიხედვით, რუსეთი 56-ე, თურქეთი – 78-ე, აზერბაიჯანი -81-ე, ხოლო სომხეთი 121-ე ადგილას გავიდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოლდოვა 55-ე, ხოლო უკრაინა – 123-ე ადგილზე.
ბედნიერების ინდექსს თითოეული ქვეყნიდან 1 000 გამოკითხულის პასუხების მიხედვით ადგენენ. კვლევაში მონაწილე პირებს სთხოვენ შეაფასონ თავიანთი ცხოვრების და ბედნიერების დონე 0-დან 10 ქულით.
კვლევაში გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, პირადი თავისუფლება, კორუფციის აღქმა და სხვა.